წლების განმავლობაში ჯეოკანაბისის ფორუმზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: სად ვიშოვო კარგი ნიადაგი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კარგად უნდა გავერკვეთ რა არის ნიადაგი, რისგან შედგება ის, რა ფუნქციები და როლი აქვს მას მცენარისგან მაქსიმალურად დიდი და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში და ამის შემდეგ შევძლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა.
რა განსხვავებაა “მიწასა” და “ნიადაგს” შორის? ამ ორი ტერმინის გარჩევა დაგეხმარებათ, მომავალში მეტი იფორმაცია მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხების გარშემო. ძირითადი განსხვავება ამ ორ ტერმინს შორის არის სამეცნიერო და საკანონმდებლო კუთხით. მიწა არის ტერიტორია, ხოლო ნიადაგი არის არე, რომელშიც იზრდებიან მცენარეები.
მიწა (land) მოიცავს ყველაფერს მათ შორის მთებს, მინდვრებს, ტყეებს, გზებს, შენობებს, მდინარეებს, ტბებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და ა.შ. მიწის ნაკვეთი არის შემოსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც შეიძლება იდგეს კორპუსი ან გაშენებული იყოს ვენახი.
ნიადაგი (soil) არის მინერალურ-ორგანული სუბსტრატი, რომლითაც დაფარულია დედამიწის ყველაზე ზედა და თხელი შრე, რომელშიც იზრდება მცენარეები. როდესაც ტრაქტორი ამუშავებს მიწას, ის ხნავს ნიადაგს (ქალაქში კი ნიადაგი დაფარულია ასფალტის ან ბეტონის ფენით). შესაბამისად, კანაბისის გასაზრდელ ქოთანშიც ჩვენ გვაქვს ნიადაგი და ეს სტატიაც სწორედ მის შესახებ იქნება.
მცენარის გასაზრდელად აუცილებელი არ არის ნიადაგის გამოყენება, მაგრამ ის არის დღეს-დღეობით ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი საშუალება, რომელიც მებაღისგან შედარებით ნაკლებ ცოდნას მოითხოვს. მეორე მხრივ, ნიადაგი არის უალტერნატივო საშუალება ორგანული მებაღეობისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მარიხუანას გასაზრდელად, რომელიც სასურველია სამედიცინო მიზნებისათვის და საჭმლის სახით მისაღბად (ორგანული ნიშნავს სინთეთიკური სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების არ გამოყენებას და მხოლოდ ბუნებრივი გზებით მებაღეობას).
ნიადაგის გარდა არსებობს მრავალი ბუნებრივი და ხელოვნური არე (სუბსტრატი), რომელშიც შეიძლება მცენარის გაზრდა, მაგრამ მათში სრულყოფილად (ან საერთოდ) არ არის საჭირო მინერალები და მებაღემ აუცილებლად წყალში გახსნილი სასუქის სახით უნდა კვებოს მცენარე. ზოგიერთ ასეთ სისტემას ეწოდება ჰიდროპონიკა და ის მოითხოვს ბევრად დიდ ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მაგრამ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და სტაბილურობით.
რა არის და რისგან შედგება ნიადაგი?
ნიადაგი არის რთული და დინამიური ბუნებრივი სხეული, რომელიც შედგება მინერალებისგან, წყლისგან, ჰაერისგან და ორგანული ნივთიერებებისგან. ამ ოთხი ნივთიერების პროპორციებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ნიადაგის სწორი შერჩევა და მართვა კრიტიკული მნიშვნელობისაა მცენარისათვის. ბუნებრივი ნიადაგი და ქოთნის პირობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მინერალური ნივთიერებები (მთლიანი მასის 40-50%) – არის ნიადაგის არაცოცხალი ნაწილი, რომელიც შედგება მტვრისგან, თიხისგან და სილისგან, რომლებიც ქანების გამოფიტვის შედეგია – უხეშად რომ ვთქვათ “დაფქეული ქვები”. მინერალური ნივთიერებების ზომა და ფორმა განსაზღვრავს მის ტექსტურას (მექანიკურ შემადგენლობას). რაც უფრო მეტი წვრილი ნაწილაკია მასში (ანუ თიხა), მით უფრო “მძიმეა” ნიადაგი, უჭირს წყლის გატარება, ადვილად იტკეპნება, გამოშრობისას იბზარება, არის უფრო ნაყოფიერი, კარგად ინახავს სასუქს და წყალს და ა.შ. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი მსხვილი ნაწილაკია ნიადაგში, მით უფრო “მსუბუქია”, აქვს კარგი დრენაჟი, ფესვები ადვილად იზრდება, უნაყოფოა, არ ინარჩუნებს წყალს და სასუქს და ა.შ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნიადაგში დაბალანსებული იყოს წვრილი და მსხვილი ნაწილაკების ზომები.
თუ ნიადაგი არის ძალიან “მძიმე”, უნდა შევურიოთ ქვიშა, პერლიტი და ორგანული ნივთიერებები, რათა გავზარდოთ ფორიანობა და გავაუმჯობესოთ დრენაჟი.
თუ ნიადაგი არის ძალიან “მსუბუქი”, უნდა დავამატოთ (თუ ვიშოვეთ უფრო თიხიანი ნიადაგი) ორგანული ნივთიერებები, რათა გავზარდოთ წყლის დაჭერის შესაძლებლობა და ნაყოფიერებასთან ერთად გავზარდოთ ფორიანობაც.
ორგანული ნივთიერებები (მთლიანი მასის 5-10%) – დედამიწისა და მთვარის და სხვა პლანეტების “ნიადაგებს” შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ორგანული მასა. ანუ მთვარეზე და მარსზე არის მხოლოდ მინერალური ნივთიერებები, რაც მცენარეებისთვის აშკარად არც ისე კარგი გარემოა. ჩვენ შემთხვევაში, ორგანულ ნივთიერებებში პირველ რიგში იგულისხმება ფოტოსინთეზის პროდუქტები, კონკრეტულად კი ჰუმუსი – გახრწნის/დეკომპოზიციის სხვადასხვა სტადიაში მყოფი მკვდარი ფესვები და ორგანიზმები, ზემოდან დაყრილი ფოთლები, ტოტები და ა.შ., მათ შორის ცოცხალი ორგანიზმები ბაქტერიები, სოკოები, სხვადასხვა არსებები, ა.შ.
ორგანული ნივთიერებები ნიადაგს პირველ რიგში აძლევს ნაყოფიერებას, რადგანაც ისინიც ოდესღაც მცენარეების ნაწილები იყო და მათი ყველა ელემენტი მცენარისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გარდა ნაყოფიერებისა, სიცოცხლე აუცილებელია ნიადაგის ფორიანობისთვის, რომელიც წყლისა და ჰაერის ძირითადი ადგილსამყოფელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნიადაგის არსებები, რომლებიც შლიან ორგანულ ნივთიერებებს და მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში გადაყავთ.
საშუალოდ, ნიადაგში ორგანული ნივთიერებები 5%-ის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად ტორფი არის 100%-ით ორგანული წარმოშობის მასა, ხოლო ქვიშა არის 100%-ით მინერალური ნივთიერება.
წყალი (მთლიანი მასის 25%) – წყალი რომ სიცოცხლის დასაბამია, ამას ახლა ნამდვილად არ უნდა იგებდეთ. წყლის გარაშე სიცოცხლის კაცობრიობისათვის ცნობილი ფორმების არსებობა წარმოუდგენელია. წყალს მარიხუანასთვისაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მცენარეები საკვებ ნივთიერებებს სწორედ წყალში გახსნილი სახით შეიწოვენ. ანუ მცენარის ფესვები ნიადაგიდან მინერალებს სწორედ ტენის სახით შთანთქავენ და აწვდიან მის ყველა ნაწილს.
ნიადაგში წყლის სწორი რეჟიმი განსაზღვრავს მცენარის ოპტიმალურ განვითარებას და მავნებლებისაგან და დაავადებებისაგან დაცვას. კარგი დრენაჟის მქონე, მსუბუქი ნიადაგი უზრუნველყოფს ფესვების თანაბარ ხელმისაწვდომობას წყალთან და ჰაერთან, ისევე როგორც დაცულობას დაავადებებისაგან. წყლის რეჟიმს ნიადაგში უმთავრესად მისი მინერალური და ორგანული შემადგენელი ნაწილების ბუნება და რაოდენობა განაპირობებს.
ჰაერი (მთლიანი მასის 25%) – ჰაერი ფესვებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ფესვების სწორი და ჯანსაღი განვითარება აუცილებელი წინაპირობაა დიდი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად. ახალბედა მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა – მცენარისათვის ზედმეტი წყლის დასხმა, ხშირად უამრავი პრობლემის საწინდარი ხდება. გარდა წყლისა, ფესვებისათვის აუცილებელია ჟანგბადი რათა თავიანთი ფუნქციები მაქსიმალური ეფექტურობით შეასრულონ. ჟანგბადი მცენარეებში უამრავი სასიცოცხლო პროცესის საწინდარია, მაგალთად, როგორიცაა იგივე მინერალების შეთვისება. ჟანგბადის გარაშე ფესვები “დაიწყებს დახრჩობას” და ძალიან მგრძნობიარე გახდება პათოგენების (დაავადებებისა და მავნებლების) მიმართ. მუდმივად სველ მდგომარეობაში მშრალი პერიოდების გარაშე ასევე მკვეთრად მატულობს ფესვის სიდამპლის რისკიც (სოკოვანი დაავადებები).
უმეტეს შემთხვევებში ზედმეტი წყალის მიერ გამოწვეული პრობლემები გამძაფრებულია ნიადაგის ცუდი დრენაჟის გამო, რაც ფესვებს ამყოფებს მუდმივად სველ მდგომარეობაში რის გამოც ისინი ვერ ასწრებენ ამდენი სითხის შეწოვას. ეს განსაკუთრებით ცუდად აისახება პატარა მცენარეებზე. ამიტომ მებაღეები ყოველთვის უნდა დარწმუნდნენ, რომ ნიადაგს ან სუბსტრატს აქვს კარგი დრენაჟი.
ნიადაგის სტრუქტურა და ფორიანობა
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, კარგი ნიადაგისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფორიანობა. ფორიანობა არის ნიადაგის შემადგენელ აგრეგატებს შორის არსებული სივრცეები, რომელშიც მოძრაობს ჰაერი და წყალი. ნიადაგის აგრეგატების ფორმასა და ზომას განსაზღვრავს ნიადაგის სტრუქტურა. ოპტიმალურ სტრუქტურის მქონე ნიადაგი არის საკმარისად ფოროვანი, რათა მასში სწრაფად განვითარდეს ფესვები, გააჩნდეს ჰაერისა და წყლის დაკავებისა და გატარების კარგი პოტენციალი, ქონდეს სწორი დრენაჟი და მცენარეები გაიზარდონ რაც შეიძლება ჩქარა. ნიადაგის აგრეგატები შედგება ნიადაგის ნაწილაკებისაგან (თიხა, მტვერი და სილა) და ორგანული ნივთიერებებისაგან. ანუ ორგანული ნივთიერებები ნიადაგის ნაწილაკებს ერთამანეთთან “აწებებს” და ფორამას აძლევს. რაც უფრო მდიდარია ნიადაგი ცოცხალი არსებებითა, მით უფრო მდიდარი და კარგი სტრუქტურის მქონეა ის. ნიადაგის სტრუქტურის არსებითად გაუმჯობესება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ თავიდანვე უნდა შევარჩიოთ კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგი და შევურიოთ მასში პერლიტი და ორგანული ნივთიერებები (ბიოჰუმუსი, ტორფი, ხავსი, კომპოსტი ან გადამწვარი ნაკელი [ნებისმიერი სასუქის შეტანისას უნდა ვიყოთ ფრთხილად, რათა არ მოგვივიდეს ზედემტი აზოტი]).
ნიადაგის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ ის არ უნდა იყოს ძალიან წვრილად გაცრილი, სადაც აგრეგატები დაშლილია უმცირეს ნაწილებამდე. ეს მორწყვისას ქოთანში ძალიან მალე გამოიწვევს მის დატკეპნას და ცუდ დრენაჟს!
ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერება და ორგანული / მინერალური სასუქები
როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ნიადაგი არის დინამური სხეული, ანუ მისი შემადგელობა და თვისებები გარემო პირობების მიხედვით მუდმივად იცვლება. შესაძლებელია ნიადაგის როგორც დეგრადირება, ასევე მისი გაუმჯობესება და ნაყოფიერების გაზრდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ხანგრძლივი პროცესია და ქოთანში ამაზე ზრუნვას დიდი ცოდნა და დრო ჭირდება. ამიტომ ქოთნისათვის თავიდანვე უნდა შევარჩიოთ ნაყოფიერი ნიადაგი.
ქვეყნების უმეტესობაში და მათ შორის საქართველოში ნიადაგის გაყიდვა აკრძალულია. ამიტომ ყველგან, სადაც თქვენ ყვავილების მაღაზიაში ან ნებისმიერ ადგილას ნახულობთ გასაყიდ ნიადაგს ეს არის კანონდარღვევა, რომელზეც მთავრობას რეაქცია უბრალოდ არ აქვს, რადგანაც თვითონაც ხშირად არღვევს ამ კანონს, როცა სკვერებისთის, ბაღებისთვის და ა.შ. საიდანღაც მოაქვთ ნიადაგი. ამ ფაქტს ხაზს იმიტომ ვუსვამთ და მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არცერთი იმპორტული ნიადაგი, სინამდვილეში ნიადაგი არ არის. თქვენ რეალურად ყიდულობთ (უმეტეს შემთხვევებში სტერილურ – ანუ დაავადებებისგან და მავნებლებისგან თავისუფალ) ხავსს ან ტორფს, რაც როგორც მოგეხსენაბათ 100%-ით ორგანული ნივთიერებებია და არა ნიადაგი.
ანუ თუ თქვენ გინდათ რომ საქართველოში იშოვოთ ქოთნის ნიადაგი, ან თავად უნდა მოიპოვოთ ის ბუნებაში, ან იყიდოთ ყვავილების მაღაზიაში ადგილზე კუსტარულად მოპოვებული და შეფუთული ნიადაგი.
საქართველო ძალიან მდიდარია ნიადაგური საფარის მრავალფეროვნებით, მაგრამ ჩვენთან ჭარბობს თიხიანი ნიადაგები. ეს არ ნიშნავს რომ ისინი ცუდია ან არ არის ნაყოფიერი, უბრალოდ თქვენ უნდა შეძლოთ მისი სწორი ადგილიდან აღება. ზოგადად, მინდვრის ნიადაგი ბევრად უფრო ნაყოფიერია ვიდრე ტყის ნიადაგი. არსებობს მოსაზრება, რომ ტყეში ზედა ფენიდან აღებული ორგანული ნივთიერებებით მდიდარი მასა (რაც სინამდვილეში გახრწნის სხვადასხვა სტადიაში მყოფი ფოთლები, ტოტები, ღეროები, წიწვები და სხვადასხვა ნივთიერებებია), ყველაზე ნაყოფიერია, მაგრამ ეს ასე სრულებითაც არაა და ნაყოფიერება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბუნებაში აღებული ნიადაგს შეიძლება ყუთში შემოყვეს მრავალი სარეველა, მავნებელი და დაავადება. ამის რისკი ბევრად უფრო დიდია, თუ ჩვენ ნიადაგს ავიღებთ ბოსტნიდან, სადაც წლების განმავლობაში მოყავთ კულტურული მცენარეები და შეაქვთ ნაკელი! ზოგადად, ნაკელთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგანაც თუ ის არ არის “გადამწვარი” ანუ სრულიად არ აქვს გავლილი ის აუცილებელი პროცესები, რაც მას აძლევს საუკეთესო თვისებებს, მცენარისათვის შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ნაკელისგან მიღებული საუკეთესო სასუქი არის ბიოჰუმუსი – ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მასა. არსებობს ბიოჰუმუსის თხევადი ვარიაციები, რომლებიც მყარ მასასთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია. თხევადი ორგანული სასუქებიდან ყველაზე კარგი არის ჟანგბადით გამდიდრებული “კომპოსტის ჩაი” (მიმართეთ იუთუბს – compost tea).
ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რა გეგმები გაქვთ ქოთანში მცენარის გაზრდასთან დაკავშირებით. თუ თქვენ თავიდანვე აპირებთ სასუქის ინტენსიურად გამოყენებას, მაშინ აქცენტი უნდა გააკეთოთ კარგი დრენაჟის მქონე, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგზე ან სუბსტრატზე, რომელსაც არ დაჭირდება ძალიან დიდი ქოთანი მაგრამ აუცილებელი იქნება ყურადღება და ხშირი რწყვა/სასუქის მიცემა. ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტიურად უნდა ჩავთვალოთ, რომ არე არის სრულიად უნაყოფო და მიწოდებული სასუქები არის მცენარისათვის ერთადერთი საკვები (მსგავსად ჰიდროპონკული სისტემებისა).
როცა ჩვენ გვინდა, სინთეთიკური სასუქი და ქიმიკატები გამოვიყენოთ რაც შეიძლება ცოტა რაოდენობით, უნდა შევარჩიოთ დიდი ქოთანი, მოვათავსოთ მასში ნაყოფიერი ნიადაგი, შევურიოთ სწორად დამზადებული ორგანული სასუქები (მაგ. ბიოჰუმუსი ან კომპოსტი) და შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ნიადაგის არსებებს, ეს ორგანული მასა გარდაქმნან მცენარისათვის სასურველ ნივთიერებებად და ამ გზით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი.
შეჯამება: როგორ შევარჩიოთ კარგი ნიადაგი ქოთნისათვის?
- თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვაპირებთ მცენარის გაზრდას;
- ნიადაგის ბუნებიდან აღებისას უნდა დავაკვირდეთ ირგვლივ არსებულ მცენარეულობას, თუ იმ ადგილას ყველაფერი კარგად ხარობს, ესეიგი კარგი და ნაყოფიერი ნაიდაგია, შესაბამისად კანაბისიც კარგად გაიზრდება;
- ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ნიადაგის შერჩევისას, რათა მას არ შემოყვეს მავნებლები და დაავადებები;
- შერჩეულ ნიადაგს უნდა ქონდეს კარგი სტრუქტურა და ზომიერი აგრეგატები, ასევე წყლისა და ჰაერის სწორი რეჟიმებისათვის ძალიან კარგ შედეგს იძლევა 25-30% პერლიტის შერევა;
- ზოგადად ნიადაგსაც გასაუმჯობესებლად შეგვიძლია შევურიოთ პერლიტი, ქვიშა, ხავსი და ა.შ. გამომდინარე მისი მდგომარეობიდან;
- მცენარის გასაზრდელად ერთხელ უკვე გამოყენებული ნიადაგის ხელმეორედ გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგანაც იქ უკვე გამოლეულია შესაბამისი მინერალები, რწყვისგან და სასუქის გამო დაგროვილია ქლორი და მარილები, ასევე შეიძლება გაჩენილი იყოს ფესვის დაავადებები და ა.შ.
- ჯანმრთელი ნიადაგი = ჯანმრთელ მცენარეს!