როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს ?

ნარკოლოგიურში_გადაყვანა

უკანასკნელი დროის განმავლობაში კიდევ უფრო გახშირდა და გამკაცრდა იძულებითი ქუჩის ნარკოტესტირების პრაქტიკა.იმისათვის,რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა უფლებები და მოვალეობები გვაქვს პოლიციასთან ურთიერთობის დროს, კარგი იქნება განვიხილოთ ტიპიური მაგალითი.

თუ ქუჩაში პოლიციელი გაჩერებთ, მოსთხოვეთ მას წარმოგიდგინოთ თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ  მოითხოვეს თქვენი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, დაემორჩილეთ. თუ გთხოვენ საბუთის წარდგენას, წარადგინეთ. წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი მოქმედებები შეიძლება  აღქივან,  როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა  და თქვენი დაკავება შესაძლებელი გახდება 15 დღემდე  ვადით.

თუ  პოლიციელი გადაწყვეტს თქვენს გაჩხრეკას, შეახსენეთ მას, რომ ჩხრეკა ნებადართულია მხოლოდ ორი  მოწმის თანდასწრებით და აუცილებლია ოქმის  შედგენა.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი კაცი დაიწყებს ქალის ჩხრეკას, იცოდეთ, რომ კანონის მიხედვით  ჩხრეკა და პირადი დათვალიერება უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ სქესის წარმომადგენელმა, რომლის წარმომადგენელიც მოქალაქეა.

აუცილებლად მოაწერეთ ხელი დაკითხვის ოქმს, ხელმოწერა მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ იცით, რაში გადანაშაულებენ. თუ რამეში არ ეთანხმებით, დაწერეთ ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ოქმში მითითებული იქნება, რომ თქვენ იმყოფებოდით ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, კანონის შესაბამისად გამაბრუებელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა უნდა დააფიქსიროს ექიმმა. თუ სამედიცინო დასკვნა არ არის, მაშინ ადვოკატი შესძლებს ასეთი ბრალდების გასაჩივრებას.

თუ პოლიციელს გაჰყვებით ნარკოლოგიურში, ან იძულებით მიგიყვანენ იქ, თქვენ უფლება გაქვთ სამედიცინო პერსონალთან უარი განაცხადოთ ანალიზის ჩაბარებაზე. არავის აქვს უფლება ძალით ან იძულებით ააღებინოს ვინმეს რაიმე სახის ანალიზი ამ პირის წინააღმდეგობის შემთხვევაში. თქვენ გაქვთ უფლება არ ჩააბაროთ ბიოლოგიური მასალა, სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია ამ მხრივ თქვენი იძულება.თქვენ გაქვსთ უფლება უარი განაცხადოთ როგორც ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე ასევე კლინიკურ შემოწმებაზე (ხშირად,როდესაც პირი უარს აცხადებდა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე “ექიმები” აფიქსირებდნენ კლინიკურს.ზუსტად ამიტომ თქვენ შეგიძლიათ უარი განაცხადოთ კლინიკურ შემოწმებაზე,შესაბამისად თქვენს საწინააღმდეგოდ ჩანაწერიც ვერ გაკეთდება).

აღნიშნული პრაქტიკის საპასუხოდ აუცილებელია ჩვენს მიერ მოხდეს კონსტიტუციის 42 მუხლის და მის ფარგლებში მინიჭებული უფლებების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება.იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელთა იმ ნაწილსაც რომელმაც იცის კონსტიტუციის 42 მუხლის შესახებ, ისინი არ ფლობენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს ამ მუხლის საფუძველზე დასაწერი/შესადგენი შუამდგომლობის შესახებ.

თანდართულ დოკუმენტში მიბმულია უკვე შედგენილი შუამდგომლობა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარადგინოს ნარკოლოგიურში მისი ტესტირებაზე გადაყვანის შემთხვევაში. წინასწარ მომზადებულ შუამდგომლობაში მისათითებელი იქნება, მხოლოდ პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი).

შუამდგომლობა 42-ე მუხლი

P.S. მიბმულ შუამდგომლობაში მითითებულია თბილისის ნარკოლოგიური სამსახურის უფროსის სახელი და გვარი, შესაბამისად რეგიონების წარმოამდგენლებმა მიუთითეთ თქვენი რეგიონის, ქალაქის ნარკოლოგიური სამსახურის უფროსის ვინაობა.

დაკავების პერიოდში უმჯობესი იქნება თუ გამოიყენებთ ე.წ დუმილის უფლებას და პასუხს არ გასცემთ პოლიციელებს დასმულ შეკითხვაზე. ეს საქციელი შეგიძლიათ ახსნათ იმით, რომ თქვენ არ გაქვთ ვალდებულება მისცეთ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან უბრალოდ შეგიძლიათ თქვათ, რომ სარგებლობთ დუმილის უფლებით.

პრაქტიკული რჩევები ეფუძნება შემდეგნორმებს:

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი

მუხლი 18.3:
პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 17.2():
თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

მუხლი 2:
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 170. დაკავება
1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა.
2. პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად.

მუხლი 174. დაკავების წესი
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა. 2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

მუხლი 196. ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში
1. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობა დაკავებიდან 48 საათში არ წარედგინება მაგისტრატ მოსამართლეს, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 18
1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ამოღებულია (27.12.2006 N4137).
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან).
7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

მუხლი 42
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის.
5. არავინ არ აგებს პასუხს იქ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს.
6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდებულის მოწმეებს.
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქკვს.
8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9. ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსხებიდან. (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან).

მასალაზე მუშაობისთვის დიდ მადლობას ვუხდით  ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” – ის თანამშრომლებს და კერძოდ ქალბატონ ლია მუხაშავრიას

GeNPUD ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი