Tag Archives: სინთეტიკური მარიხუანა

რა არის “ბიო” და რატომ არ უნდა მოვწიოთ ის

სინთეტიკური მარიხუანა

პირველ რიგში, უნდა ვაღიარო, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ დაერქვა სინთეტიკურ ნარკოტიკებს საქართველოში “ბიო”. “ბიო” სოფლის მეურნეობაში ნიშნავს ორგანულად წარმოებულ პროდუქციას ყოველგვარი ქიმიური საწამლავებისა და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე.

იმ ნარკოტიკებს, რომელსაც აქ “ბიოს” ეძახიან, არის სინთეტიკური კანაბინოიდების ჯგუფი. მათი წარმოება დაიწყო 60-იანი წლებიდან მას შემდეგ, რაც ტი-ეიჩ-სის ქიმიური სტრუქტურა გაიშიფრა. ამაში დიდი წვლილი ალექსანდრე შულგინსაც მიუძღვის. მასიურად მათი წარმოების დაწყებას კი ამერიკელ პროფესორს, ჯონ ჰაფმანს უნდა ვუმადლოდეთ კლემსონის უნივერსიტეტიდან. 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე იწარმოება JWH სერია და მისი ვარიაციები, რომელიც ავტორის სახელის აბრევიატურაა.

რა არის ბიო?

2000 წლებიდან მოყოლებული სინთეტიკური კანაბინოიდები ძირითადად, ჩინეთში იწარმოება, რადგანაც დანარჩენ მსოფლიოში მათი ლეგალურად დამზადება აკრძალულია. საქართველოშიც სწორედ იქედან შემოდის ეს მომაკვდინებელი ნივთიერებები. ისინი მიწისქვეშა, არალეგალურ ლაბორატორიებში მზადდება. ამიტომაც მათი ზუსტი შემადგენლობა მხოლოდ დამამზადებლისთვისაა ცნობილი.

რადგანაც ლაბორატორიები არასანქცირებულია და იქ არანაირ ნორმებს არ იცავენ, შეიძლება, ერთი და იმავე სახელწოდებით გაყიდული ნივთიერება ყოველ პარტიაში სულ სხვადასხვა კონცენტრაციით შეიცავდეს კანაბინოიდებს. სწორედ ამიტომაა, რომ 5 ჯერ ერთიდაივეზე მიჩვეული მომხმარებელი მეექვსედ რომ იმავე დოზით იყენებს, შეიძლება მოუხდეს რედოზირება, რადგანაც სხვა ფორმულით იყოს დამზადებული და დოზა სულ სხვანაირი ეფექტი ჰქონდეს.

ეს ნარკოტიკები ძირითადად, არსებობს თეთრი ფხვნილის ფორმით, რომელიც იხსნება სამედიცინო სპირტში და ერევა ნებისმიერ სუბსტრატს. მაგალითად ამ სპირტს ჩვენ თუ დავასხამთ თუთუნს, უკვე თუთუნი იქნება ეს ნარკოტიკი. თუ დავასხამთ ჭადის ფქვილს, უკვე ეს ფქვილი იქნება ნარკოტიკი, ან კაკლის ხის გამხმარ და დაფქვეულ ფოთლებს. ანუ ნებისმიერ რამეს, რასაც ეს სპირტი შეერევა, გახდება ნარკოტიკული ზემოქმედების. ამისათვის იყენებენ უამრავ ჩვეულებრივ ბალახს, მაგალითად სალბიას, რომელიც მწვანე ფერისაა და აფთიაქებში იყიდება, როგორც სამკურნალო ჩაი.

ასეთი მაქინაციების დროს, ძალიან ვარირებს დოზები, ამიტომ ერთხელ გასინჯული, მეორედ შეიძლება 10 ჯერ ძლიერი იყოს. სწორედ ეს არის ძირითადად სიკვდილის გამომწვევი. ხალხი ვერ ხვდება, რას ეწევა და ჰგონიათ, რომ რაც გუშინ მოწიეს, დღესაც იგივე იქნება.

სპაისები

ეგრედწოდებული სპაისები, უკვე შემზადებული და რაიმე მცენარეში გაზავებული ნარკოტიკული საშუალებაა. მწარმოებლები მათ ლამაზ შეფუთვაში ათავსებენ, არქმევენ უცნაურ სახელებს, ყიდიან როგორც არომატიზატორებს, ჩაის. ამით ისინი გვერდს უვლიან კანონს. აქ არ აწერია ზუსტი შემადგენლობა და ფორმულა.

სპაისები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლეგალურია, იყიდება სპეციალურ მაღაზიებში, ინტერნეტში. მათი პოპულარობის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ არ ჩანს ნარკოტესტში. ანუ თქვენ ყიდულობთ და მოიხმართ ფსიქოტროპულ საშუალებებს კანონის გვერდის ავლით.

იმის გამო, რომ მარიხუანა არალეგალურია და მისი მოხმარება ისჯება კანონით, ადამიანები მიდიან საშინელი გზით – თავს იგდებენ საფრთხეში და იყენებენ ასეთ საშინელებებს, სვამენ სხვადასხვა ტაბლეტებს რითიც იავადმყოფებენ თავს.

რატომ არ უნდა მოვწიოთ სპაისები?

პირველ რიგში, ნამდვილ მარიხუანასაგან განსხვავებით, ისინი იწვევენ სიკვდილს! ეს სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. ასევე დამანგრევლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, პროვოცირებას უკეთებენ ფსიქოზის გამოვლენას. პირდაპირ უტევენ გულს, იწვევენ დეპრესიას, ნერვოზს, დაბნეულობას, ჰალუცინაციებს და ა.შ.

რაც ყველაზე მთავარია, ისინი ანგრევენ ორგანიზმს, გააჩნიათ უდიდესი დამოკიდებულების გაჩენის უნარი და მათი მომხმარებელი ხდება მათზე დამოკიდებული, ჩვეულებრივი ნარკომანისგან არაფრით განსხვავებული. ეს არის ნამდვილი საშინელება, რომელსაც არასდროს არ უნდა გაეკაროთ!

რადგანაც ისინი არ არის ლეგალური, მათ ეფექტებზე ვერ მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები და ბოლომდე არ არის ცნობილი, რა ზიანის მოტანა შეუძლიათ გრძელვადიან პერიოდში და ხანგრძლივი მოხმარებისას.

საქართველოში ასეთი ნარკოტიკების მოხმარება ისჯება კანონით. ნუ შეეცდებით მის გამოწერას, ყიდვას, შოვნას და ნუ გასინჯავთ.