გილოცავთ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოში!

მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, ჯარიმა გაუქმდა

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა პარტია “გირჩის” წევრების ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი. ამის შედეგად გაუქმდა მარიხუანას მოხმარებისათვის არსებული ადმინისტრაციული სასჯელი.

დღემდე საქართველოში მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. ანუ, თუ მოხმარების დროს პოლიციამ დაგინახათ ან ტესტირებამ თქვენს ორგანიზმში მარიხუანა აღმოაჩინა, თქვენ ჯარიმა აღარ დაგეკისრებათ.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას. მარიხუანას მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და შესაბამისად, ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.”

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით აქტიური კამპანია 2010 წლიდან დაიწყო. 2013 წლის 2 ივნისს კი თბილისში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა.

როგორც უკვე ვიცით საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი გასული წლის 30 ნოემბერს დაუჭირა.

გასული წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით 266 გრამამდე მარიხუანას დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის გაუქმდა სისხლის სამართლის სასჯელი.

2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ბნელი პერიოდიდან გამოსვლის ერთერთი ძირითადი ნაბიჯი კი 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო, როდესაც 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გაუქმდა.

ამჟამად გვაქვს ასეთი შედეგი:

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  3. ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 266 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე;
  5. მარიხუანას შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ჯერჯერობით ისევ არის ჯარიმა გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ასეთ შემთხვევებშიც კი აღარ აჯარიმებენ, ბოლო პერიოდში გახმაურებული საქმეებიდან და რეალური ფაქტებიდან გამომდინარე (მაგალითად კონსტანტინე “ჩაქუჩა” ედიბერიძეს საქმე და სხვა მრავალი).

მადლობა საკონსტიტუციო სასამართლოს, ბექას, ბერას, ჩაქუჩას, თეთრი ხმაურის მოძრაობას, 2 ივნისის მოძრაობას, ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმას, გირჩს, ჩვენი გვერდის და ფორუმის მომხმარებლებს, ყველა იმ ადამიანს ვისაც სულ ცოტათი მაინც ადარდებდა ეს პრობლემა და თავისი მცირედი წვლილი შეიტანა ამ საერთო მიზნის მისაღწევად <3

ამით რა თქმა უნდა ჩვენი თავგადასავალი არ დასრულებულა. გრძელდება წინსვლა ახალი სიმაღლეების დასაპყრობლად და რაც მთავარია, ბრძოლა თავისუფლებისთვის!

მარიხუანას მოხმარების ლეგალურობის სტატუსის მსოფლიო რუკაზე საქართველოც დაემატა

 2018 წლის 30 ივლისიდან საქართველოში კანაფის მოხმარება ლეგალურია.
 ლურჯი – კანაფის მოხმარება ლეგალურია
 ნარინჯისფერი – კანაფის მოხმარება დეკრიმინალიზებულია (ისჯება ჯარიმით)
 ვარდისფერი – კანაფის მოხმარება აკრძალულია თუმცა სასჯელი გათვალისწინებული არ არის
 წითელი – კანაფის მოხმარება სისხლის სამართლის წესით ისჯება (კრიმინალია)

რუკის წყარო: IPM / აიფიემ კვლევები